კოვზანაძე - 5-6 ივლისზე: "რომელი უცხოელი ჩამოვა, თუ აქ სცემენ, თუ დაცულობის განცდა არ იქნა?!"
15/07/2021 10:58:31 პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 5-6 ივლისს თბილისის ქუჩებში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე ეს უარყოფითად აისახება.
მისი თქმით, უკვე შეინიშნება ტურისტების ჯავშნების გაუქმების ტენდენცია.
როგორც მან აღნიშნა, არასტაბილური გარემო მოქმედებს ინვესტორებიც არჩევანზეც და ისინი მოერიდებიან ფულის ჩადებას ქვეყანაში, სადაც "სიცოცხლის რისკები იქნება".
„უნდა გვახსოვდეს, რომ განვითარებული მოვლენები არ არის მხოლოდ პოლიტიკური, რომ ამ საკითხს ახლავს ეკონომიკური მდგენელიც. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადის რთულ პერიოდს, ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა და ასეთ ვითარებაში, მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საინვესტიციო გარემოს. ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო, გარკვეულწილად, ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება. ტურისტული სექტორის მნიშვნელობაზე ახლა დამატებით არაფერს გეტყვით. საკმარისია აღინიშნოს, რომ ტურიზმს კურსწარმომქნელი ფაქტორიც გააჩნია. ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღებით უნდა მოვეპყრათ უცხოელებს. რომელი [უცხოელი ინვესტორი] ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის რისკები იქნება? რომელი უცხოელი ჩამოვა, თუ აქ უცხოელებს სცემენ? ამიტომ, რომელ ბიზნესკონტექსტზე შეიძლება იყოს საუბარი, თუ სტაბილურობის და დაცულობის განცდა არ იქნა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


