Accentnews.ge
"კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება, უკანონო დაკავებები მიუღებელია"

"კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება, უკანონო დაკავებები მიუღებელია"

15/07/2021 06:51:43 პოლიტიკა

კარგია იმის ხილვა, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. უკანონო დაკავებები მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ტვიტერში“ პირად გვერდზე წერს.

„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის საშუალებით, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებით, ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს“, – წერს ჰარცელი.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე შეიწყალა. იგი ქართულ მხარეს 14 ივლისს გადმოსცეს. შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს სწორედ რომ ოკუპანტებმა დაჭრეს და დააკავეს “საზღვრის” დარღვევისთვის. მოგვიანებით მას ბრალი ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობაშიც დასდეს და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ოსური დე ფაქტო საგარეო უწყების მტკიცებით, შეწყალების თხოვნით ანატოლი ბიბილოვს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მიმართა.

«პატრიარქ კირილის მომართვის საპასუხოდ ანატოლი ბიბილოვმა კომპეტენტურ ორგანოებს ზაზა გახელაძის ვ. გობოზოვში გადაცვლის საკითხის დამუშავება დაავალა, გაითვალისწინა რა ამ უკანასკნელის ნათესავების მრავალჯერადი მომართვები მის გათავისუფლებაში დახმარების თაობაზე. პატრიარქ კირილის შუამდგომლობისა და ჰუმანური მოსაზრებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ბიბილოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ზაზა გახელაძის შეწყალების შესახებ, რითაც განახორციელა კეთილი ნების ჟესტი იმ კანონდამრღვევის მიმართ, რომელმაც დანაშაული მოინანია. აღსანიშნავია, რომ პატიმარმა ზ. გახელაძემ ანატოლი ბიბილოვის სახელზე შეწყალების თხოვნა პირადად დაწერა, ჩადენილი ქმედებისთვის ბოდიში მოიხადა და ოსურ ხელისუფლებას ჰუმანური მოპყრობისთვის მადლობა გადაუხადა», – ირწმუნება დე ფაქტო საგარეო უწყება.

ცნობისთვის: პატრიარქ კირილს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით ივნისის ბოლოს საქართველოს საპატრიარქომ მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S