ღარიბაშვილი – გახელაძის გათავისუფლებაზე: „ბევრ ვერსიას მოისმენთ“
14/07/2021 16:37:05 პოლიტიკა
ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ. მე გთხოვთ, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, ჩვენ შევხედოთ შედეგს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობა ინტენსიურად მუშაობდა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის ყველა რესურსი იქნა გამოყენებული.
„დიდი მადლობა ზაზას მშობლებს, მის მეუღლეს, შვილებს. დიდი მადლობა ზაზას გმირობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას გვიხარია ზაზას გათავისუფლება. მთელი ერი ხარობს, ყველა ძალიან გახარებულია. მთელი მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში გულშემატკივრობდა ზაზას. ძალიან მიხარია, რომ ეს დღე დადგა. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ. ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი იქნა გამოყენებული ყველა დონეზე პრაქტიკულად და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მონაწილე ვარ ამ პროცესის. ძალიან ბევრ ვერსიას მოისმენთ. მე გთხოვთ, რომ ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, ჩვენ შევხედოთ შედეგს. შედეგია ის, რომ ზაზა არის თავისუფალი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რის სანაცვლოდ გაათავისუფლა დე ფაქტო რეჟიმმა ზაზა გახელაძე. სააგენტო "რეს"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა გახელაძე ქართულმა მხარემ "სამხრეთის ოსეთის მოქალაქე" გობოზოვში გაცვალა, რომელიც გუშინ გადავიდა ცხინვალში.
ღარიბაშვილმა არ უპასუხა არც მის გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვას. "ბატონო ირაკლი, როდის გადადგებით?" - ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა ერგნეთის საგუშაგოსთან.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს ოკუპანტებმა დაჭრეს და დააკავეს “საზღვრის” დარღვევისთვის. მოგვიანებით მას ბრალი ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობაშიც დასდეს და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
გახელაძე შინ დღეს დაბრუნდა.


