გახარიას გუნდის წევრი ბუჩუკური: "ვერ გავიზიარებთ სიხარულს, რასაც ოპოზიციური სპექტრისგან სანქციების შესაძლო დაწესებაზე ვხედავთ"
14/07/2021 11:14:51 პოლიტიკა
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკომისიის განცხადებებში უკვე საუბარია კონკრეტული ფინანსური ბერკეტების/მექანიზმების შესაძლო ამოქმედებაზე.
მისივე თქმით, პროცესები ამ მიმართულებით თუ განვითარდა, ეს დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს და ამიტომ "ვერ გაიზიარებენ სიხარულს, რასაც ოპოზიციური სპექტრისგან სანქციების შესაძლო დაწესებაზე ხედავენ".
„ჩვენ ნამდვილად არ გვახარებს ის განცხადებები და მინიშნებები, რომლებითაც დღეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა და მთავარმა მოკავშირეებმა უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებებით მოგვმართეს. კარგად გვესმის, რომ თუ პროცესები ამ მიმართულებით განვითარდა, ეს დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. ამიტომ, ვერ გავიზიარებთ იმ სიხარულს და აღტკინებას, რასაც ხშირად ოპოზიციური სპექტრის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებასთან, ან ფინანსური ტრანშების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ვხედავთ. გუშინდელი განცხადებები უკავშირდება როგორც ჟურნალისტებზე სისტემური თავდასხმის ფაქტს, ასევე მოსამართლეების დანიშვნის პროცესს“, – აცხადებს ბუჩუკური.
ანა ბუჩუკურის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ გუნდს, "კარგად გაიაზროს ის რისკები, რომლის წინაშეც აყენებს ქვეყანას".


