დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" განმარტავენ, რატომ არ მივიდნენ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე
13/07/2021 13:53:38 პოლიტიკა, საზოგადოება
დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" განმარტავენ, რატომ არ მივიდნენ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე.
ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ "შესაძლოა, მათ გამოჩენას რაიმე სახის დაძაბულობა გამოეწვია და ამას მოერიდნენ":
"ლექსოს გასვენების დღეს ჩემი იქ არყოფნა გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფაქტით – პატივი მეცა მისი ხსოვნისთვის და ჩვენი იქ გამოჩენა არ ყოფილიყო წინაპირობა იგივე დონის დაპირისპირებისა და რაღაც პოპულიზმის, რასაც ჩვენ წინა დღეების განმავლობაში ვხედავდით. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მისდამი ღრმა პატივისცემის გამო ჩვენ ავერიდეთ რაღაც ამგვარი სცენების მოწყობას".
გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ მისვლა "კომიტეტის სხდომის გამო ვერ მოახერხა":
"დღე მე ვერ მოვახერხე გასვენებაში მისვლა იმიტომ, რომ მქონდა კომიტეტის სხდომა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარკვეული წარმომადგენლები სამძიმარზე იყვნენ. ცხადია, ჩვენ უკიდურესად ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ამ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება"
ირაკლი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ კითხვა, "რატომ არ მივიდნენ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვაზე" დაპირისპირების ახალი კერას აჩენს":
"ვუსამძიმრებ ოჯახს და საერთოდ საზოგადოებას. მაგრამ უკვე დასმა საკითხისა იმგვარად, რომ რატომ არავინ არ მივიდა – ჩვენ აქაც ვეძებთ დაპირისპირების ახალი კერის გაჩენას და არა იმას, რომ ჩვენ გული გვტკივა, ვუსამძიმრებთ ოჯახს, თუ არ ვუსამძიმრებთ".
გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ლექსოს ტრაგედიით მანიპულირებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი:
"გამოვთქვამთ მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ სამწუხაროა ასევე ის ფაქტი, რომ ადამიანის პირადი ტრაგედიით მანიპულირებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით – პოლიტიკოსები. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ არ შეიძლება, ასეთი პირადი ტრაგედიებით მანიპულირება".
ცნობისთვის: "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. იგი უკანასკნელ გზაზე, მათ შორის, მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, ექიმებმა, ხელოვანებმა და პოლიტიკოსთა ნაწილმა ტაშით გააცილეს.

დღეს სამოქალაქო პანაშვიდზე იყვნენ, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ექიმები, ხელოვანები და პოლიტიკოსები, თუმცა მმართველი გუნდისა და საპარლამენტო უმრავლესობის არც ერთი წევრი.
ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
![]()
ლექსო ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე (ორ პარაკლისზე –1სთ–ზე და 5 სთ–ზე) მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.
შსს–ში აცხადებენ, რომ „ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედიზორება“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ირგვლივ განამრთულ მესამე ბრიფინგზე (წინა ორი ზედოზირებაზე ირიბ მინიშნებას დაეთმო) ასევე ისაუბრეს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშუტზე: კერძოდ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ლაშქარავამ ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა, რომელიც ჭელიძის თქმით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.
უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა თამხლებმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა.
"გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი“,– აცხადებენ შსს–ში.
"აქცენტი" დაინტერესდა, დაკავებულია თუ არა ნარკომოვაჭრე, რომლისგანაც ლაშქარავამ შსს–ს მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. ამ საკითხზე ბრიფინგზე შსს–ს მაღალჩინოსანს არაფერი უთქვამს. შსს–ს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
"ტვ პირველის” ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავენ.


