Accentnews.ge
​“ის, რომ სახელმწიფომ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას”

​“ის, რომ სახელმწიფომ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას”

13/07/2021 13:39:32 პოლიტიკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა.

მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები "ჩამოშლილია".

"კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე, მედიის, ჟურნალისტების წინაშე. ის რაც მოხდა 5 ივლისს, როდესაც სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, სხვა მოქალაქეები, ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია. არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. მე აქ ვხედავ ძირითად მიზეზს - როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ეს ნიშნავს უკვე ჩამოშლილ ინსტიტუტებს", - თქვა გახარიამ.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეებს მოსალოდნელი ძალადობის შესახებ აფრთხილებდნენ, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ეს მათ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

"ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. როდესაც ქვეყანაში ხდება ძალადობა, ვინც არ უნდა იყოს ამის უკან, ვინც არ უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, წამხალისებელი, რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულება, დაიცვას ჯანმრთელობა და სიცოცხლე თითოეული მოქალაქის. ის, რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, მხოლოდ ამძიმებს მის მდგომარეობას. სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლებიც საუბრობენ “გონორით”, “ხომ გაგაფრთხილეთო”, ეს უნდა გაითვალისწინონ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

ლექსო ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე (ორ პარაკლისზე –1სთ–ზე და 5 სთ–ზე) მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.

ლექსოს გარდაცვალების შემდეგ რუსთაველის გამზირზე მედიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქციები იმართება, სადაც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ. 12 ივლისს პრემიერმა განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებს.

შსს–ში აცხადებენ, რომ „ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედიზორება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ირგვლივ განამრთულ მესამე ბრიფინგზე (წინა ორი ზედოზირებაზე ირიბ მინიშნებას დაეთმო) ასევე ისაუბრეს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშუტზე: კერძოდ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ლაშქარავამ ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა, რომელიც ჭელიძის თქმით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.

უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა თამხლებმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა.

"გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი“,– აცხადებენ შსს–ში.

"აქცენტი" დაინტერესდა, დაკავებულია თუ არა ნარკომოვაჭრე, რომლისგანაც ლაშქარავამ შსს–ს მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. ამ საკითხზე ბრიფინგზე შსს–ს მაღალჩინოსანს არაფერი უთქვამს. შსს–ს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

"ტვ პირველის” ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S