"ზუსტად იგივე უბედურებას იმეორებენ, რაც მოხდა გირგვლიანის შემთხვევაში"
13/07/2021 11:01:50 პოლიტიკა
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას შემთხვევაში "ოცნება" წინა ხელისუფლების შეცდომას იმეორებს.
"გაჩნდა კითხვის ნიშანი- რა ხდება. რატომ ასეთი სისწრაფე და დედის ხელიდან გამოგლეჯა. კულტურული ქალია და რატომ არ შეიძლებოდა, მასთან დალაპარაკება და ახსნა, ქალბატონო, ეს აუცილებელია, გაგვიწიეთ ანგარიში. დარწმუნებული ვარ, ის ამაზე წამოვიდოდა. მაგრამ შვილი ჯერ მოუკლეს, მერე მოპარეს. ზუსტად იგივე უბედურებას იმეორებენ, რაც მოხდა გირგვლიანის შემთხვევაში. მე მაშინ გუნდში ვიყავი და ზუსტად ვიცი, ლამის მას დააბრალეს, რაც მოხდა, ასეთივე ხდება ლექსოს შემთხვევაშიც. ამას თუ მოვითმენთ და ეს შერჩება ხელისუფლებას, ხვალ ჩვენთან მოვლენ", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
![]()
ლექსო ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე (ორ პარაკლისზე –1სთ–ზე და 5 სთ–ზე) მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.
ლექსოს გარდაცვალების შემდეგ რუსთაველის გამზირზე მედიის მიერ ორგანიზებული მასშტაბური აქციები იმართება, სადაც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ. 12 ივლისს პრემიერმა განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებს.
შსს–ში აცხადებენ, რომ „ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედიზორება“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის ირგვლივ განამრთულ მესამე ბრიფინგზე (წინა ორი ზედოზირებაზე ირიბ მინიშნებას დაეთმო) ასევე ისაუბრეს გარდაცვალებამდე ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშუტზე: კერძოდ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ლაშქარავამ ნარკოტიკული ნივთიერებები ფონიჭალაში იყიდა, რომელიც ჭელიძის თქმით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.
უწყების მტკიცებით, ლაშქარავამ და მისმა თამხლებმა მეგობარმა შეძენილი ნარკოტიკი ორთაჭალაში, ტყის მასივში მოიხმარეს, სადაც ლაშქარავა შეუძლოდ გახდა.
"გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი“,– აცხადებენ შსს–ში.
"აქცენტი" დაინტერესდა, დაკავებულია თუ არა ნარკომოვაჭრე, რომლისგანაც ლაშქარავამ შსს–ს მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. ამ საკითხზე ბრიფინგზე შსს–ს მაღალჩინოსანს არაფერი უთქვამს. შსს–ს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
"ტვ პირველის” ოპერატორს გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციებს მართავენ.


