გახარიას გუნდის წევრი ბუჩუკური: "მუქარა მთავრობის უნდობლობასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ეს ბერკეტი იურიდიულად არ არსებობს, ცოტა გაუგებარია"
13/07/2021 09:14:22 პოლიტიკა
ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილის მუქარა მთავრობის უნდობლობასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ეს ბერკეტი იურიდიულად არ არსებობს, ცოტა გაუგებარია.
მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია არჩევნებით უნდა შეიცვალოს
„ყოველთვის როცა ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით ეს ადამიანები საკანონმდებლო ორგანოში უნდა მობრძანდნენ და დაგროვებულ კითხვებს პასუხი გასცენ. სახელმწიფო ვეღარ ასრულებს თავის საბაზისო ფუნქციებს და სამწუხაროდ, ერთი ადამიანის შეცვლით, სახელის და გვარის ცვლილებით ეს ვერ გამოსწორდება. მე ვერ ვხედავ რესურს არც მისი გადადგომის და არც ახალი სახელი და გვარის ჩანაცვლებით ქვეყანაში სიტუაციის შეცვლის. ამ პერიოდში რა განცხადებებიც გაკეთდა, სამწუხაროდ ფაქტია, რომ პასუხისმგებლობას ხელისუფლება ვერ გრძნობს და რაღაცნაირად იმ ყველაფრის გამართლებას ცდილობს, რაც 5 ივლისს ვიხილეთ. ...პირველი პასუხისმგებლობა რაც უნდა გამოავლინოს პრემიერ-მინისტრმა არის ის, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში მობრძანდეს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ამაზე მივიღეთ პასუხი. ქვეყანაში სიტუაცია არჩევნებით უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
ოპოზიცია პარლამენტის სხდომას ბოიკოტს უცხადებს და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე მუშაობას იწყებს.
ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს.
"შექმნილ ვითარებაში ღარიბაშვილის გადადგომის გარდა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს, თუ ჩვენ გვსურს, რომ ნორმალური ცხოვრების შანსი მივცეთ ჩვენს თანამოქალაქეებს. დღეს ჩვენ სხდომა დავტოვეთ, ახლა ჩვენ გავმართავთ თათბირს ოპოზიციურ პარტიებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რანაირად უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო პროცედურა იმისათვის, რომ დავაინიციროთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება", – განაცხადა სამადაშვილმა.
ენმ–ის ერთ ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიის წევრები დღეიდან საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრებიან. როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი იქნება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რომელშიც ისინი მონაწილეობას მიიღებენ.
ცნობისთვის: იმისათვის, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და ახალი მთავრობის არჩევა შეძლოს, 76 ხმა არის საჭირო. ოპოზიციას ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი ხმები არ აქვს.


