"მთავრობისთვის უნდობლიბის გამოცხადების პროცესს დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი, რაიმე პერსპექტივა რომ ჰქონდეს"
13/07/2021 09:07:02 პოლიტიკა
"მთავრობისთვის უნდობლიბის გამოცხადების პროცესს დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი, რაიმე პერსპექტივა რომ ჰქონდეს, მაგრამ სანამ ასეთ რამეს დააბრეხვებ, კანონში უნდა ჩაიხედო", -ამის შესახებ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან გაცილებით ლოგიკური და ადეკვატური იქნება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს.
ელისაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, ხოლო არასწორი მოლოდინების გაჩენით, ნიჰილიზმს ქმნის.
"გულდასაწყვეტია, ოპოზიციის ერთი ნაწილის ასეთი არასერიოზულობა და დაუკვირვებლობა. სულ მცირე 76 ხმა არის საჭირო იმისთვის, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადო. ოპოზიციაში 64 დეპუტატი ვართ. 12 ხმას "ქართული ოცნება" გვასესხებს?! უპერსპექტივო ძალისხმევაა და დროის ასეთ უპერსპექტივობაზე კარგვას აზრი არა აქვს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიცია პარლამენტის სხდომას ბოიკოტს უცხადებს და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე მუშაობას იწყებს.
ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს.
"შექმნილ ვითარებაში ღარიბაშვილის გადადგომის გარდა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს, თუ ჩვენ გვსურს, რომ ნორმალური ცხოვრების შანსი მივცეთ ჩვენს თანამოქალაქეებს. დღეს ჩვენ სხდომა დავტოვეთ, ახლა ჩვენ გავმართავთ თათბირს ოპოზიციურ პარტიებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რანაირად უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო პროცედურა იმისათვის, რომ დავაინიციროთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება", – განაცხადა სამადაშვილმა.
ენმ–ის ერთ ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიის წევრები დღეიდან საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრებიან. როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი იქნება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რომელშიც ისინი მონაწილეობას მიიღებენ.
ცნობისთვის: იმისათვის, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და ახალი მთავრობის არჩევა შეძლოს, 76 ხმა არის საჭირო. ოპოზიციას ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი ხმები არ აქვს.


