ვახტანგ გომელაური ელჩებს შეხვდა
12/07/2021 17:05:59 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვედა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, „ვახტანგ გომელაურმა ელჩებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა 1, 3, 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში სამინისტროს მიერ მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მათი უსაფრთხოების დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები“.
შსს-ს ცნობით, ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის დროს, მასმედიის სხვადასხვა წარმომადგენლების, ოპერატორებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და მათ მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე“:
„შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები და ამ ეტაპზე არსებული ვითარება. მან აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც გამოიკვეთება გამოძიების ფარგლებში“.
რელიზიდან ირკვევა, რომ მინისტრმა „ვრცლად ისაუბრა“ 11 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის – ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე „პოლიციელების მიერ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ“:
„როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გარდაცვალების უშუალო მიზეზი დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტიც.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამინისტრო განაგრძობს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს და უწყება პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს განახლებულ ინფორმაციას“.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები 53 ჟურნალისტს ორგანიზებულად გაუსწორდნენ, მათგან მხოლოდ ერთეულია დაკავებული, მათ შორის, ძალადობისთვის, მაგრამ არა ძალადობრივი აქტის ორგანიზებისთვის.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.
დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.


