ომბუდსმენი: „პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა“
12/07/2021 14:00:05 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პრემიერ–მინისტრმა დღეს უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა.
„ვფიქრობ, პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის. ეს დაადასტურა მან. ასევე, გვითხრა, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ყველა ადამიანის უფლება, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებისაც. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები“, - განაცხადა ლომჯარიამ თემის კომენტირებისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თქვა, რომ „თუკი ჩვენი მოსახლეობის 95 % არის წინააღმდეგი პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ“.
მისივე თქმით, „ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში“.


