კარპენტერი ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება: "დამნაშავეთა დასჯა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია"
12/07/2021 14:14:54 პოლიტიკა
დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის „პენ ბაიდენის ცენტრის” მმართველი დირექტორი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე მაიკლ კარპენტერი თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დამნაშავეთა დასჯა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"საქართველოში ბრბოსგან ნაცემი მედიის წარმომადგენელი გარდაიცვალა. დამნაშავეთა დასჯა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", – წერს კარპენტერი სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისის დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
![]()
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.
ამავე თემაზე: ლაშქარავას საქმე: რა ვერსიას განიხილავს შსს


