„გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს გავუგეთ“ – ომბუდსმენი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ
12/07/2021 13:43:12 პოლიტიკა
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ათონელის რეზიდენცია დატოვა.
როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, ერთი ერთზე გამართულ შეხვედრაზე გულწრფელი საუბარი შედგა, თუმცა მას პრეზიდენტის პოზიციაზე არ უსაუბრია და გამოთქვა ვარაუდი, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას თავად დააფიქსირებს.
„ვისაუბრე 5 ივლისის მოვლენებზე და იმაზე, რომ განვითარებულ მოვლენებში თავისი წვლილი ჰქონდა ხელისუფლების პოზიციას და პოლიციის ქმედებებს იმ დღეს. ასევე ვისაუბრე, რომ აუცილებელია, ორგანიზატორების მიმართ დევნა ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყოს. ვისაუბრეთ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების თაობაზე და ზოგადად, იმ საფრთხეებზე, რასაც ასეთი ძალადობრივი ჯგუფები და ორგანიზაციები უქმნიან ქვეყანას. ვფიქრობ, იყო გულწრფელი საუბარი. პრეზიდენტი ნამდვილად შეწუხებულია ყველა იმ საკითხით, რაზეც გვქონდა საუბარი, თუმცა მე მის ნაცვლად განცხადებებს ვერ გავაკეთებ. ჩემი მხრიდან უარყოფითად იყო შეფასებული მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც მიმაჩნია, რომ ზოგადად, დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოა“,– განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.
დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ომბუდსმენისა და პრეზიდენტის პოზიციებში თანხვედრა, ლომჯარიამ უპასუხა: „გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს. არის საკითხები, რომელთაც სწორად აფასებს. მასთან საუბარში აღვნიშნე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პრეზიდენტის პოზიციონირებას. ჩემი რჩევა იყო, რომ ასეთ დროს ხშირად ჰქონდეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს, რაც დაეხმარება ამ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანის უფლებების დაცვას“.


