"მინდა, გავიგო, დღეს რას ფიქრობს დღეს" - ომუდსმენი პრეზიდენტს ხვდება
12/07/2021 13:19:48 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტს ხვდება.
როგორც ომბუდსმენმა ათონელის რეზიდენციაში შესვლამდე განაცხადა, სურს, გაიგოს, რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, ასევე სურს, გაუზიაროს თავისი წუხილები და ესაუბროს ძალადობრივი ფაქტების მიმდინარე გამოძიებაზე.
"მე, არაერთხელ მოვუწოდე შსს-ს დაიწყო გამოძიება ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. მინდა, ვესაუბრო პრეზიდენტს შექმნილ ვითარებაზე ზოგადად, რას ფიქრობს თავად. მათ შორის, უსაფრთხოების პრიზმიდანაც.
მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა, როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ისე, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე. მინდა, გავიგო, რას ფიქრობს დღეს", - თქვა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, „პრემიერმა ცალსახად და ნათლად დაადასტურა, რომ მისი გადაწყვეტილება იყო, 5 ივლისს სათანადო რაოდენობის პოლიცია არ ყოფილიყო ორგანიზებული და ხელი არ შეეშალათ მოძალადეთა თარეშისთვის“:
„ასევე გვითხრა, რომ არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ, სამომავლოდაც, უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული“.
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.
დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.


