კუჭავა– ოპოზიციას: "პარლამენტში რომ შემოიპარნენ, ის წევრები, ვისაც უფლება არ ჰქონდათ და არც საშვი იყო დაშვებული, ეს ვინმეს ნორმალურად მიგაჩნიათ?"
12/07/2021 11:31:42 პოლიტიკა
"პარლამენტში რომ შემოიპარნენ, ის წევრები, ვისაც უფლება არ ჰქონდათ და არც საშვი იყო დაშვებული, ეს ვინმეს ნორმალურად მიგაჩნიათ?" - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპოზიციას.
მისივე თქმით, არსებობს ფორმატები, რეგლამენტით გათვალისწინებული, სადაც ოპოზიციას საკუთარი აზრის დაფიქსირება შეუძლია.
"პარლამენტში რომ შემოიპარნენ, ის წევრები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდათ და არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ, შემდეგ სასესიო დარბაზში ხდებოდა ეს, ეს ვინმეს ნორმალურად მიგაჩნიათ? ნებისმიერი თქვენგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ დაუშვებდით მსგავს ფორმას? თქვენ ამ ორგანოს წევრები ხართ ასევე, მესმის პროტესტი, ამის უფლებაც გაქვთ, არის ბიურო, არის სესია, სადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სრულიად. გვაქვს დებატები, რეგლამენტით გათვლილი, ნებისმიერ საკითხზე მინისტრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მოვიწვიოთ და გავაცემინოთ ყველა კითხვაზე პასუხი, რაც გაგაჩნიათ, მაგრამ ჩხუბი, აყალ-მაყალი ბლოკირება პარლამენტმა რომ იმუშაოს, ამაზე დასვით ერთადერთი კითხვა - ვის აძლევს ეს ხელს?!“, - განაცხადა კუჭავამ.
მას ენმ–ის წევრმა სალომე სამადაშვილმა კრიტიკით უპასუხა:
"უცნაური განცხადებაა იმ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომელსაც აქ ორჯერ თავზე დაგახიეს ევროკავშირის დროშა ბატონო კახა და თქვენ, უმრავლესობავ! თქვენ წარმოადგენთ იმ ხელისუფლებას, რომელმაც ჟურნალისტებზე დაგეშა და სანადიროდ მიუშვა მოძალადეების ჯგუფები. თქვენი პრემიერ-მინისტრი დღეს დილით ბედავს და გვემუქრება, ემუქრება დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და ემუქრება ყველა ჩვენთაგანს, ვინც ბედავს და დამოუკიდებელი აზრი გვაქვს ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ თქვენ დღეს აქ, ამ დარბაზში დარჩებით მარტო“.
რაზეც პარალმენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ხელს არ აძლევს ქვეყანას და ხელს აძლევს მტერს, მოწონებული ვერ იქნება.
„დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ. რეაგირება შესაბამისი იყო. მე დღეს ბიუროზეც ვახსენე, რომ სამწუხაროდ, არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა ის სიმბოლიკა, რომელიც ჩვენი ხალხის არჩევანს წარმოადგენს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული. სჯობს ვიმსჯელოთ ამაზე, რომ შემდეგში მსგავსი რამ არ მოხდეს და ვინ როგორ დაისაჯოს მსგავს ქმედებას რომ განახორციელებს და არა ის, ვინ ვის დაახია თავზე დროშა. ძალიან კარგად იცით რა რეაგირება იყო ამასთან დაკავშირებით ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ნუ ცდილობთ შეურაცხყოთ ის, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის - ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია! აქ გამოსვლები ხელს არაფერს გაძლევთ! არავინ ამბობს რომ ეს კარგი იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ სამართლებრივი ნორმა როგორ უნდა ვაგებინოთ პასუხი. ერთად ვიმსჯელოთ ამაზე. საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელოთ და შემდგომში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომელიც ნაწილსაც მათ შორის წარმოადგენს ევროკავშირის დროშა, როგორც კონსტიტუციური ნორმა ჩვენი ევროატლანტიკური გზისა. ამიტომ, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ხელს არ აძლევს ქვეყანას და ხელს აძლევს მტერს, ნამდვილად არ არის მოწონებადი იმ ადამიანებისგან, რომელიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე დებთ თავს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.


