ოპოზიცია პარლამენტის სხდომას ბოიკოტს უცხადებს და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე მუშაობას იწყებს
12/07/2021 11:08:54 პოლიტიკა
ოპოზიცია პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე მუშაობას იწყებს.
ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს.
"შექმნილ ვითარებაში ღარიბაშვილის გადადგომის გარდა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს, თუ ჩვენ გვსურს, რომ ნორმალური ცხოვრების შანსი მივცეთ ჩვენს თანამოქალაქეებს. დღეს ჩვენ სხდომა დავტოვეთ, ახლა ჩვენ გავმართავთ თათბირს ოპოზიციურ პარტიებთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რანაირად უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო პროცედურა იმისათვის, რომ დავაინიციროთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება", – განაცხადა სამადაშვილმა.
პარტია “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ახლა სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და გარდამავალ მთავრობაზე შეთანხმების მიღწევაა.
“გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან არის რომ, დავითხოვოთ ეს მთავრობა, ამავდროულად, გარდამავალი პერიოდისთვის შევქმნათ მთავრობა რომელიც იქნება კონსენსუსის საფუძველზე. რომ შეძლოს ამ გახლეჩილი საზოგადოების შერიგება. მათ, ვისაც ევალებოდა ამის აღკვეთა და არ გააკეთეს, ისინი არიან პირველი მებრძოლები ქრისტიანობის წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანაა არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება. პარლამენტში დაიწყოს პროცესი უნდობლობის გამოცხადების, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე, რომელიც დაამშვიდებს ამ ვითარებას” - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
ენმ–ის ერთ ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიის წევრები დღეიდან საპარლამენტო სხდომებს არ დაესწრებიან. როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი იქნება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რომელშიც ისინი მონაწილეობას მიიღებენ.
ცნობისთვის: იმისათვის, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და ახალი მთავრობის არჩევა შეძლოს, 76 ხმა არის საჭირო. ოპოზიციას ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი ხმები არ აქვს.


