ნიკა გვარამია: "ბინძური ტყუილია! აქციაზე არავის უთქვამს, რომ პატრიარქი პოლიციამ უნდა დააკავოს"
12/07/2021 11:02:45 პოლიტიკა
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ საზოგადოებამ პრემიერ-მინისტრისგან კიდევ ერთი წამქეზებლური, ძალიან საშიში განცხადება მოისმინა, თითქოს მედიის წარმომადგენელთა მიერ გამართულ აქციაზე პატრიარქის დაკავებასაც ითხოვდნენ:
„თითქოს აქ გუშინ ვიღაცამ, რომელიღაცა მედიაწარმომადგენელმა თქვა, რომ პატრიარქი უნდა დააკავოს პოლიციამ. ეს არის ბინძური ტყუილი და ვემიჯნებით ყოველგვარ ესეთ განცხადებებს. ჩვენ მსგავსი რამე არ გვითქვამს და არც გვიფიქრია, მეტსაც გეტყვით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი შეფასებით, ეს წამქეზებლური, პროვოკაციული განცხადება, ამავდროულად, პატრიარქის დამამცირებელიცაა.
გვარამიას მიერ ნახსენები განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა:
„ჩვენ მოვისმინეთ გზავნილები, მაგალითად, იმის თაობაზე, რომ ითხოვდნენ აგრესიული გამომსვლელები პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ. მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ აღნიშნულს ვიმეორებ, იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას. ეს გასაგებია. ეს ნორმალურია, მათ ეს უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება“.
5 ივლისს ნაცემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით 11 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენელთა მიერ გამართულ აქციაზე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოითხოვეს. მთავრობას ამ მოთხოვნის შესრულებამდე დრო აქციის მონაწილეებმა 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს. დრო ამოიწურა, მედიის წარმომადგენლებმა 18:00 საათიდან ამავე მოთხოვნით საპროტესტო აქცია დააანონსეს.


