"მნიშვნელობა არ აქვს, უმცირესობაა თუ უმრავლესობა, არსებობს ყველას უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა"
12/07/2021 09:41:43 პოლიტიკა
"მნიშვნელობა არ აქვს, უმცირესობაა თუ უმრავლესობა, არსებობს ყველას უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა", – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, რათა მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება; ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება მშვიდობიან გარემოში.
"სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მომავალში იქნება უფრო მეტი დაფასება, თუ რამდენად ღირებულია ეს თავისუფლება და უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და უნდა გადადგეს თუ არა პრემიერ-მინისტრი, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ეს ქართველი ხალხია გადასაწყვეტია:
„მინდა, გამოვხატო უდიდესი მწუხარება ლექსოს ტრაგიკულ გარდაცვალებაზე. ეს მართლაც ძალიან მძიმეა, ლოცვებში ვიხსენიებთ და ვუსამძიმრებთ ყველას. რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, როდესაც ის მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ადამიანების მიერ კონსტიტუციური უფლებების, შეკრებისა თუ მედიაუფლებების გამოხატვას. მნიშვნელობა არ აქვს, უმცირესობაა თუ უმრავლესობა, არსებობს ყველას უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურს ქვეყნის ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები განვითარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. რაც შეეხება ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, მე არ მინახავს და კომენტარს ვერ გავაკეთებ“.


