Accentnews.ge
ვინ იდგნენ 5 ივლისს აქტიური ძალადობრივი ჯგუფების უკან – ღარიბაშვილის ვერსია

ვინ იდგნენ 5 ივლისს აქტიური ძალადობრივი ჯგუფების უკან – ღარიბაშვილის ვერსია

12/07/2021 07:41:33 პოლიტიკა

თუ აქამდე პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ღირსების მარშთან" ოპოზიციური ძალების, კონკრეტულად ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კავშირზე საუბრობდა და ამბობდა, რომ სწორედ მას სურდა ქვეყანაში დაპირისპირება, ახლა მან მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას კიდევ ერთი ვერსია შესთავაზა. კერძოდ, მისი თქმით, განიხილება ვერსია, რომ პროვოკატორების უკანაც იდგნენ „რადიკალური ძალები“ და დასტურად 9 წლის წინანდელი 9–წლიანი მმართველობა მოიყვანა.

„გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, როგორ მოხვდნენ აგრესიული პირები, რატომ მაინც და მაინც ჟურნალისტებზე გააკეთეს შეტევა? ეს ლეგიტიმური კითხვაა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას – როცა ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“,– განაცხადა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების კონტექსტში ღარიბაშვილმა.

მან მხოლოდ ვრცელი განცხადების ბოლოს ახსენა რუსეთი და არ გამორიცხა, რომ პოლარიზებული საზოგადოების გახლეჩა, ევროპული ღირებულებების დისკრედიტაცია მასაც აწყობდეს.

ამასთან, ღარიბაშვილმა 5 ივლისის კონტექსტში ისაუბრა ვერსიაზე, რომლითაც მან სავარაუდოდ, უპასუხა საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, მასობრივი ძალადობისა და არეულობის ფონზე, რატომ არ იყო სათანადო რაოდენობის პოლიცია მობილიზებული თბილისის ცენტრალურ ქუჩებში და რატომ არ გამოიყვანა შსს–მ სპეცრაზმი, მით უფრო, რომ ძალადობა სულ მცირე, ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა:

„მე 5 ივლისს განვაცხადე, რომ იგეგმებოდა მასშტაბური პროვოკაცია. კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული ძალების უკან დგას. ეს არის ბატონი მიხეილ სააკაშვილი. კითხვები დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა ლგბტ თემს სააკაშვილთან, მაშინ, როდესაც მათი მხარდამჭერი „სირცხვილია“ აბსოლუტურად იმართება სააკაშვილის მიერ. ეს დადასტურებული ფაქტია. განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რომელშიც უნდა ჩართულიყო საპოლიციო ძალა და სახელმწიფოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოეყენებინა ძალა. ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები თავიდან გვქონდა შეფასებული და ეს არ დავუშვი. რაც მოხდა, არის ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში“,– განაცხადა ღარიბაშვილმა და მაგალითად ევროპის ქვეყნები, აშშ მოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი 11 ივლისს გარდაიცვალა. მედია პასუხისმგებლობას ღარიბაშვილს აკისრებს და გარდა იმისა, რომ ითხოვს მოძალადეების დასჯას, მოითხოვს ღარიბაშვილის გადადგომას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S