ღარიბაშვილი: „ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა“
12/07/2021 07:14:43 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის გადადგომასაც ჟურნალისტები მოითხოვენ, მთავრობის სხდომაზე ტრიბუნა კვლავ რევანშიზმზე საუბრისთვის გამოიყენა.
უკანასკნელი მოვლენების შეფასებისას მან განაცხადა, რომ „ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს ვერ შედგება ჩვენს ქვეყანაში“.
„სცადეს, ადამიანის ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა. ყველა მოძალადე სიმკაცრით იქნება დასჯილი. პოლიციამ უკვე დააკავა ოთხი პირი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აღნიშნული პირის ცემის საქმეში.
ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ვგმობთ, დავგმობთ ძალადობას. ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ჩვენს სახელმწიფოში. რაც შეეხება ჩემს მიერ რეაგირებას, მეორე დღესვე დავგმე ფაქტი“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიუღებელია ძალადობა ჟურნალისტებზე და რომ შსს–მ მეორე დღესვე მოახდინა რეაგირება:
„მე 5 ივლისს განვაცხადე, რომ იგეგმებოდა მასშტაბური პროვოკაცია. კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული ძალების უკან დგას. ეს არის ბატონი მიხეილ სააკაშვილი. კითხვები დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა ლგბტ თემს სააკაშვილთან, მაშინ, როდესაც მათი მხარდამჭერი „სირცხვილია“ აბსოლუტურად იმართება სააკაშვილის მიერ. ეს დადასტურებული ფაქტია. განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რომელშიც უნდა ჩართულიყო საპოლიციო ძალა და სახელმწიფოს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოეყენებინა ძალა. ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები თავიდან გვქონდა შეფასებული და ეს არ დავუშვი. რაც მოხდა, არის ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში“,– განაცხადა ღარიბაშვილმა და მაგალითად ევროპის ქვეყნები, აშშ მოიყვანა.
მისი თქმით, რისკები საქართველოში წინასწარ შეფასდა და კვლავ გაიმეორა, რომ იყო შესაბამისი კომუნიკაცია ელჩებთან, თემთან.
მისი თქმით, დანაშაულის და ძალადობის განზოგადება არ შეიძლება:
„გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა მოძალადე, რომელიც ძალადობაში იყო ჩართული, სამაგალითოდ დაისჯება. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, როგორ მოხვდნენ აგრესიული პირები, რატომ მაინც და მაინც ჟურნალისტებზე გააკეთეს შეტევა. ეს ლეგიტიმური კითხვაა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას.
როცა ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
რაც შეეხება გუშინდელ აქციას, ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური, მაშასადამე – ანტიეროვნული გზავნილები. გზავნილები იმის თაობაზე, რომ ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მხრიდან. ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ამას ვიმეორებ. ვინ ითხოვდა ამ ყველაფერს? ზოგადად, მივესალმებით დამოუკიდებელი მედიის არსებობას ქვეყანაში. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თავისუფალი მედია განვითარდეს, მიუკერძოებელი ჟურნალისტები განვითარდნენ. ყველაფერს გავუკეთებთ. ოპოზიციური ტელევიზიები – „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ მოპარული ფინანსებით“,– განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მათი და ენმ–ს დღის წესრიგი იდენტურია – „ძალადობრივი გზით ჩამოაგდონ ხელისუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში“, რაც მისი თქმით, „მიუღწეველია“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.


