Accentnews.ge
„ლექსოს გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული“

„ლექსოს გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული“

12/07/2021 05:28:30 პოლიტიკა

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენი 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის გარდაცვალებისა და აქციაზე პოლიციის "გამაოგნებელი უმოქმედობის" დამოუკიდებლად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

როგორც ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, ქართველების უმრავლეობას ევროპული განვითარება სურს, თუმცა გარკვეული ძალები ცდილობენ, ამას ხელი შეუშალონ, 5 ივლისს ჟურნალისტების ცემა კი ამის ერთ-ერთი მცდელობა იყო.

"საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებასა და წარმატებას, ან მარცხს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველმა უმრავლესობამ მტკიცედ და უკვე დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. თუმცა, არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ ის.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი მიზანში იყო ამოღებული და სცემეს აქციაზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ღირსების მარშს, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა.

ჩვენ მწუხარებით შევიტყვეთ მედიის ერთ-ერთი დაშავებული თანამშრომლის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. ბატონი ლექსოს გარდაცვალება და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული.

ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიშვიდე და თავშეკავება, არ წამოეგონ პროვოკაციებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა გუნდმა, უნდა იმუშაოს ევროპული ღირებულებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად.

მედიის და გამოხატვის თავისუფლება არის ევროპული ფასეულობები და ის დაცული და გარანტირებული უნდა იყოს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S