"საქართველოს ყველა მეგობრისთვის შემაშფოთებელია 5 ივლისს ბრბოს მიერ ნაცემი ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება"
11/07/2021 17:31:30 პოლიტიკა, საზოგადოება
"საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც შემაშფოთებელია 5 ივლისს ბრბოს მიერ ნაცემი ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება", – ასე ეხმიანება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაი "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს.
მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ევროატლანტიკურ ღირებულებებზე.
"ქართველი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც ამ კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. დემოკრატიის პირობებში უმცირესობები დაცულია; მედია დაცულია; სიტყვის თავისუფლება დაცულია - ეს ევროატლანტიკური ღირებულებებია. არც ერთი ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ არის ამ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული", – წერს აპატურაი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.


