Accentnews.ge
ლიეტუვის საელჩო: "ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ"

ლიეტუვის საელჩო: "ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ"

11/07/2021 16:18:58 პოლიტიკა

საქართველოში ლიეტუვის საელჩო ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ".

"საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ და დაუშვას დამოუკიდებელი გამოძიება ალექსანდრე ლაშქარავას ტრაგიკული სიკვდილის გამოსაკვლევად. ნებისმიერი სხვა კურსი შეუთავსებელია საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებთან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი ან ძალადობის წამახალისებელი კადრები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S