"ლექსო ლაშქარავას ცხედრის გატაცება არჩილ ტატუნაშვილის ამბავს მაგონებს"
11/07/2021 15:36:59 პოლიტიკა
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადატანა დაგმო და ის წამებით მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის ამბავს შეადარა.
"ადამიანმა ომი გამოიგონა, მაგრამ ამ ომშიც გამოიგონა კანონები. როცა გარდაცვლილი ბრძოლის ველზე რჩებოდა, ცხედრის გადაცემის კულტურა იყო. როცა ცხედარს ოჯახს არ გადასცემ - მხოლოდ მეორე შემთხვევა მახსენდება არჩილ ტატუნაშვილის ამბავი, როცა ოკუპანტები შეურაცხმყოფელად მოიქცნენ. ცხედრის გატაცების სპეცოპერაცია ჩაატარეს. რა მორალია, რა ადამიანობაა, რა ხალხთან გვაქვს საქმე. არ არის ლაპარაკი პოლიტიკაზე, ევროპასთან ინტეგრაციაზე, დასავლეთზე. ვიღაცას ხომ თავში მოუვიდა, შევარდნილიყო დედასთან, რომელიც შვილს დასტიროდა და ცხედარი გაეტაცებინა", - განაცხადა მარგველაშვილმა.
"ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს გამთენიისას ნახა. 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა ლაშქარავას სასტიკად სცემეს. ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
ცნობისთვის: 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 2018 წლის 22 თებერვალს მოკლეს, ნაწამები ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე სოფელ წილკანში მცხოვრებ ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადაეცა. მანამდე, ტატუნაშვილის გვამიდან ოკუპანტებმა გული, ტვინი და ღვიძლი ამოიღეს, „ექსპერტიზაზე“ რუსეთის ქალაქ როსტოვში გადააგზავნეს და უკან აღარ დაუბრუნებიათ.


