კალაძე – ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე: " უნდა მოყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს"
11/07/2021 12:26:06 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდარზე სწრაფი გამოძიება უნდა დაიწყოს.
"ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა - ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს. სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, "ტვ პირველს", ქართულ მედიას. კითხვები რომელიც არსებობს უნდა მოყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
![]()
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.


