მამუკა ხაზარაძე:"ქართულ გრძნობებზე, ეკლესიაზე და მართლმადიდებლობაზე ნუ სპეკულიანტობს ნურავინ"
11/07/2021 12:15:06 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფება სხვადასხვა პოლიტიკოსი, მათ შორის „ლელო საქართელოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც.
"მმართველი პარტია ხარ თუ ხელისუფლება ვალდებული ხარ, რომ დიალოგი გქონდეს ყველასთან, ამ ადამიანებმა დიალოგი გაწყვიტეს მოქალაქეებთან. ამდენი პოლიციელი მე რუსთაველზე არ მიანახვს, ამდენი ნაცემი ჟურნალისტი არ იქნებოდა. და კიდევ მოვუწოდებ ქართულ გრძნობებზე, ეკლესიაზე და მართლმადიდებლობაზე ნუ სპეკულიანტობს ნურავინ და ღარიბაშვილი პირველ რიგში. ღარიბაშვილმა სასწრაფოდ უნდა აკრიფოს თავისი ბარგი ბარხანა და წავიდეს" - განაცხადა ხაზარაძემ.
აქციის პარალელურად „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ტარდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.


