"ყველა მხარე ვართ დამნაშავე, ერიც და ბერიც!"
11/07/2021 11:49:37 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ იმაში, რაც ბოლო დღეების განმავლობაში დედაქალაქში ხდებოდა, "ყველა მხარე დამნაშავეა".
"უბედურება იყო რაც ამ დღეებში თბილისში ხდებოდა!.. და ამაში ყველა მხარე ვართ დამნაშავე - ერიც და ბერიც! დღეს კი, კიდევ უფრო უარესი ტრაგედიით დასრულდა - ახალგაზრდა ჟურნალისტის გარდაცვალებით… ვუსამძიმრებ ლაშქარავების ოჯახს, მათ ახლობლებს და ტვ-პირველს! ასეთი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში! რამდენადაც ვიცი, ოჯახის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთო და შესაბამის დასკვნებიც დაიდება კიდეც და სათანადო რეაგირებაც მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან.. თუმცა მის სიცოცხლეს ეს მაინც ვერ დააბრუნებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს!", - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
![]()
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.


