Accentnews.ge
"ვიმედოვნებ, მალე ფეხზე დავდგები და ვიბრძოლებ მოძალადე მანიაკებისგან ჩემი სამშობლოს გასათავისუფლებლად"

"ვიმედოვნებ, მალე ფეხზე დავდგები და ვიბრძოლებ მოძალადე მანიაკებისგან ჩემი სამშობლოს გასათავისუფლებლად"

11/07/2021 11:38:32 პოლიტიკა, საზოგადოება

"ამას თუ გაატარებს ქვეყანა, აპატიებს და აბა ის 9 წელი ჯობდაო იკითხავს არც საზოგადოება ვიქნებით და ვერც სახელმწიფოდ შევდგებით ვერასდროს", – ასე ეხმიანება პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს.

მისი თქმით, ყველა მოძალადე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.

"ვინც კურთხევა მისცა, ვინც წააქეზა, ვინც ფსევდო ტრადიციებს ამოფარებული გულშემატკივრობდა ამ ბრბოს ხელის აუკანკალებლად, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. მანიაკებთან ენის მოჩლექით არ საუბრობენ, არც დაყვავებით გაკეთილშობილდებიან, მათ მხოლოდ კანონის ენა ესმით, მკაცრი სასჯელის ენა. სწორედ ეს სასჯელი უნდა მიიღონ მათ შორის ხვალინდელი და ზეგინდელი ძალადობის შესაჩერებლად, სხვა სიცოცხლეების გადასარჩენად.

ნუ დაიჯერებთ რომ იმიტომ რომ 21-ე საუკუნეა რაღაცეები თავისით მოხდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ირანში და ჩრ. კორეაშიც 21-ე საუკუნეა. 21-ე საუკუნის შესაბამისი ყოფისთვის მთავარი ბრძოლა როგორც ჩანს ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ ჩვენი შვილებისთვის.

მაპატიეთ, რომ ამ დღეებში თქვენს გვერდით ვერ ვიყავი, მხარეში ვერ ამოგიდეგით და თქვენი დაცვა ვერ შევძელი.

იმედი მაქვს მალე ფეხზე დავდგები და როგორც ყოველთვის თავისუფალი ქვეყნისთვის მებრძოლ ჯარისკაცთა რიგებში ჩავდგები ჩემი სამშობლოს მოძალადე მანიაკებისგან გასათავისუფლებლად!", – წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: თინა ხიდაშელმა კორონავირუსი გადაიტანა და რამდენიმე თვეა, "კოვიდისგან" დატოვებულ გართულებებს ებრძვის.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S