ლომჯარია – ოპერატორის გარდაცვალებაზე: "წახალისებული ძალადობის მსხვერპლი"
11/07/2021 09:32:55 პოლიტიკა, საზოგადოება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავა წახალისებული ძალადობის მსხვერპლია.
ლომჯარია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
„ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი. ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, კოლეგების მწუხარებას", - აცხადებს სახალხო დამცველი.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
![]()
ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.
როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.


