Accentnews.ge
პატრიარქის თანამოსაყდრესთან აუდიენციის შემდეგ პრეზიდენტი შს მინისტრს ხვდება

პატრიარქის თანამოსაყდრესთან აუდიენციის შემდეგ პრეზიდენტი შს მინისტრს ხვდება

08/07/2021 10:45:01 პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამ წუთებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

ორბელიანების სასახლეში მიმდინარე შეხვედრაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძეც იმყოფება.

მედიასთან შეხვედრის თემა უწყებების წარმომადგენლებს არ დაუსახელებიათ.

მანამდე, პრეზიდენტს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო სტუმრობდა. უცნობია რაზე ისაუბრეს მხარეებმა. როგორც საპატრიარქოს პრეს–სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იგი "აუდიენციას არ ესწრებოდა და პატრიარქის თანამოსაყრდე უბრალოდ მიაცილა".

ცნობისთვის: 5–6 ივლისს თბილისის ქუჩები ძალადობრივმა მოვლენებმა მოიცვა. კერძოდ, 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.

6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, პოლიტიკოსთა ნაწილმა, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. აქციის პარალელურად, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც, ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, პიროტექნიკასა და სხვა ნივთებს ისროდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ "პალიტრანიუსის" ოპერატორს. დაპირისპირებულ მხარეებს პოლიციის კორდონი ჰყოფდა, რომელსაც პერიოდულად მოძალადეები არღვევდნენ და სამართალდამცველებთან ხელჩართულ ჩხუბში იყვნენ ჩართულნი. მას შემდეგ პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია დასრულდა, პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა, მოძალადეებმა პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. მოძალადე ჯგუფებმა თბილისის ქუჩები დაახლოებით ღამის 3 საათზე დატოვეს.

შსს-ს ცნობით, გუშინდელ აქციაზე 100 პირი დააკავეს, მათგან უმეტესობა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დროისთვის, "თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრისა და დარბევის ბრალდებით 3 პირია დააკავებული; ხოლო ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდება ჯამში 8 პირს წარედგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S