"ძალადობა ეწინააღმდეგება NATO-ს ნორმებს, ეს უკუსვლაა საქართველოსთვის"
07/07/2021 16:23:38 პოლიტიკა
"ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის", - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაი თბილისში 5-6 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მომხდარი უკუსვლაა საქართველოსთვის.
"კატეგორიულად ვგმობ ამ კვირაში მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, შეკრების თავისუფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და მედიის პატივისცემას. მრავალი წელია ვმუშაობ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი მისწრაფებების მხარდასაჭერად. ეს მოვლენები ღრმა იმედგაცრუებას იწვევს და ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“, - განაცხადა აპატურაიმ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.
6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, პოლიტიკოსთა ნაწილმა, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. აქციის პარალელურად, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც, ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, პიროტექნიკასა და სხვა ნივთებს ისროდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ "პალიტრანიუსის" ოპერატორს. დაპირისპირებულ მხარეებს პოლიციის კორდონი ჰყოფდა, რომელსაც პერიოდულად მოძალადეები არღვევდნენ და სამართალდამცველებთან ხელჩართულ ჩხუბში იყვნენ ჩართულნი. მას შემდეგ პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია დასრულდა, პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა, მოძალადეებმა პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. მოძალადე ჯგუფებმა თბილისის ქუჩები დაახლოებით ღამის 3 საათზე დატოვეს.
შსს-ს ცნობით, გუშინდელ აქციაზე 100 პირი დააკავეს, მათგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი იზოლატორში რჩება.


