რა არ უთხრა ღარიბაშვილმა ევროკომისარს 5–6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე
07/07/2021 14:08:12 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც ევროკომისარმა 5–6 ივლისის ძალადობრივი ფაქტები გაიხსენა და გამოხატვის თავსიუფლებაზე გაამახვილა ყურადღება, საკუთარი ვერსია წარმოადგინა და განაცხადა, რომ ქვეყანაში განსხვავებულობის გამო დისკრიმინაციის ქვეშ არავინაა, მათ შორის, განსხვავებული აზრის და რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
"ორი დღის წინ როგორც განვითარდა მოვლენები, მინდა, თქვენ საჯაროდ კიდევ ერთხელ განგიმარტოთ: პოლიციას ჰყავდა მობილიზებული 3 500 პოლიციის ოფიცერი მთელ ქალაქში. ძირითად ღონისძიებას ვალოდებოდით 6 საათზე, ვგულისხმობ უმცირესობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას. 5 საათზე ჩვენს ეკლესიას ჰქონდა დაანონსებული და დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვა და ამ ადამიანები, რომლებმაც ეს ძალადობა დაიწყეს დილის 11 საათზე, არაფერი ჰქოდა საერთო არც ეკლესიასთან და არც მთავრობასთან.
მინდა, გავიმეორო ის, რაც საჯაროდ ვთქვი – რამდენიმე დღის წინ, უფრო მანამდეც, ორი კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა უშუალო კონტაქტი პრაიდის ორგანიზატორებთან, მათთვის წინასწარ განსაზღვრეს ლოკაციები და უთხრეს, რომ ამ ლოკაციებზე უსაფრთხო იქნებოდა მათი ღონისძიების ჩატარება. ერთ-ერთ მათ ღონისძიებაზე ელჩებიც დაესწრო, პოლიციამ ბრწყინვალედ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არაფერი არ მომხდარა. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგები იყვნენ, ეს ნორმალურია, ყველა ადამიანს აქვს კანონით და კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, უმცირესობების წინააღმდეგ გამოხატვის თავისუფლება" - განაცხადა ღარიბაშვილმა და კვლავ გაიმეორა, რომ თბილისი პრაიდს ღირსების მარშის ჩასატარებლად რუსთაველის გამზირის ნაცვლად ალტერნატიულ სივრცეებს სთავაზობდნენ, რადგან დაგეგმილი მარში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის გამო დიდ რისკებს შეიცავდა.
მაგრამ პრემიერს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ძალადობრივ ჯგუფებთან ერთად, რომელთაც ძალადობა დღის პირველი ნახევრიდანვე დაიწყეს, მათი ქმედებების შემდეგად კი, მათ შორის, 53 ჟურნალისტი დაშავდა, სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. მეტიც, როგორც გადაღებულ კადრებში ჩანს, ფიქსირდება სასულიერო პირების მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებები, გამოიყენებოდა სიძულვილის ენა, რაც ზრდიდა ისედაც აგრესიული ჯგუფების წახალისების მყისიერ საფრთხეს, მით უფრო, რომ სათანადო რაოდენობის პოლიცია რუსთაველზე არ იყო მობილიზებული, ხოლო მობილიზებული პოლიცა არა პრევენციულად, არამედ მომხდარ ფაქტებზე რეაგირებდა. ამასთან, მინიმუმ ორი დაზარალებული საუბრობს, რომ მათ თავდამსხმელთა შორის მამაოებიც იყვნენ.
პრემიერ-მინისტრს არც ის უთქვამს, რომ 1 ივლისს, თბილისი პრაიდის პირველ ღონისძიებაზე მოძალადე ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც სამართალდარღვევების გამო დააკავეს, მეორე დღესვე გაათავისუფლეს, რითიც გაზარდეს განმეორებითი ძალადობის საფრთხე. გირაოთი გათავისუფლდა ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებული პირიც.
ამასთან, ღარიბაშვილმა უკვე 6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების კონტექსტში განაცხადა, რომ 100 ადამიანია დაკავებული, თუმცა „გამორჩა“ ეთქვა, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც ის ამგვარ სტატისტიკას ევროკომისარს წარუდგენდა, 100–დან 68 უკვე ხელწერილის საფუძველზე იყო გათავისუფლებული.
ღარიბაშვილმა კვლავ გაიმეორა, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების უკან დესტრუქციული ძალები დგანან, რომლების მიზანიც საქართველოს ეკლესიისთვის, ხელისუფლებისა და ევროკავშირისთვისაც კი, რეპუტაციული ზიანის მიყენება იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება დაადგენს, ვისი ინტერესი დგას ძალადობრივი ფაქტების უკან:
"5 ივნისს, დაახლოებით 10 საათზე დაიწყო მობილიზება, გამოჩნდნენ ქუჩაში კონტრაქციის წარმომადგენლები, მათ შორის ბევრი ადმიანი იყო. მათ შორის ზოგი ყველაზე აგრესიულად განწყობილი თავს დაესხა ჟურნალისტებს. ამით დააზიანეს როგორ ეკლესიის მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა. ამით რა თქმა უნდა დააზიანეს როგორც ჩემს მიერ ნათქვამი, ეკლესიის მიერ დაგეგმილი 17:00-საათიანი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია, ასევე ჩვენი მთავრობა, ამით ჩვენ ზიანი მოგვადგა, ჩვენს ქვეყანას მიადგა ზიანი. ჩემი შეფასებით, ამას რა თქმა უნდა გამოძიება დაადგენს, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია ცალკეული ადამიანების, ინდივიდების მიერ ჩადენილი ძალადობა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა ჯერ, მათი გათვლით, პოლიციასთან ღრმა დაპირისპირებასა და შეჯახებას, ეს იყო მათი ერთი ამოცანა.
რა თქმა უნდა, დაზიანდებოდა ქვეყნის იმიჯი, ეკლესიის იმიჯი და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ევროკავშირის იმიჯიც. დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული რა თქმა უნდა არ შედიოდა არც ეკლესიის, არც ჩვენი მთავრობის და არც ჩვენი ხალხის ინტერესებში. ეს შედიოდა ეს პროვოკაციები რა თქმა უნდა შედიოდა, კიდევ გავიმეორებ, რევანშისტული, რადიკალური ოპოზიციის და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ არც ერთი ფაქტი არ დაგვრჩება გამოუძიებელი, ყველა ფაქტს გამოვავლენთ და სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარს.
პრემიერს არც ამ შემთხვევაში უთქვამს, რომ სასულიერო პირები ასევე იმყოფებოდნენ 6 ივლისის კონტრაქციაზე ძალადობრივ ჯგუფებთან ერთად, რომლებიც სოლიდარობის აქციის მონაწილეებს ესროდნენ ქვებს, წყლით სავსე ბოთლებს, პიროტექნიკას და ა.შ. ხოლო ძალადობრივ ჯფუფს, მას შემდეგ, რაც მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა საპროტესტო ადგილი დატოვეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირის დაკავების უფლება მისცა, მათ კი 5 ივლისის მსგავსად დაწვეს ევროკავშირის დროშა და გრძელდებოდა ანტიდასავლური, ძალადობრივი მოწოდებები.


