გახარია – მთავრობას: "ეს იყო არაკომპეტენტურობის პიკი"
07/07/2021 14:17:11 პოლიტიკა
ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო “მთავრობის უუნარობისა და არაკომპეტენტურობის გამოხატულების პიკი.”
“სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები. სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები. სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები.
ეს იყო გამოხატულება უუნარობის, არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი.
მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები ყველაფერს აბრალებენ ყველას, მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ მემარჯვენეებს, როცა აწყობთ მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე. ეს უკვე უპასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ზუგდიდში მყოფმა გიორგი გახარიამ.
მისივე განცხადებით, გარდა არაკომპეტენტურობისა, განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს ჩამოშლაზე მიანიშნებს.
“ძალადობა შობს ძალადობას და ეს ყველაფერი ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ვნახეთ. არაკომპეტენტურობის გარდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, ეს ფაქტობრივად არის სახელმწიფოს ჩამოშლა”, – აცხადებს გახარია.
ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.
6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივი ჯგუფების წევრები პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს.


