ჰერალდიკის საბჭო: „ევროპის დროშის შებღალვა შემაშფოთებელია“
07/07/2021 11:25:55 პოლიტიკა
ჰერალდიკის საბჭო მოძალადე ჰომოფობების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის შემაშფოთებელს უწოდებს.
საბჭო დროშასთან მოპყრობის წესის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ჰერალდიკის საბჭო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშების, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის დროშის, საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვის და გამოფენის წესის, დაცვის და ღირსი პატივით მოპყრობის წესის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობას.
ასევე განვმარტავთ, რომ შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისდამი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა არ არის ცალკე აღებული რომელიმე ორგანიზაციის ევროკავშირის ან ევროსაბჭოს სიმბოლო. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას. ლაჟვარდის ველზე გამოსახული 12 ოქროს ვარსკვლავი ევროპული ერთიანობის, სოლიდარობის და ჰარმონიული თანაცხოვრების სიმბოლოა.
საქართველოს ისტორიული გზა, ქართველი ერის კულტურული იდენტობა, პოლიტიკური და ფასეულობითი არჩევანი გაცხადებული არაერთხელ, მათ შორის საზოგადოების საყოველთაო გამოკითხვის შედეგად, საქართველოს როგორც სახელმწიფოს მისწრაფებები გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი გვავალდებულებს და გვაძლევს უფლებას ევროპის დროშა მუდმივად იყოს აღმართული საქართველოს სახელმწიფო დროშის გვერდით", - ნათქვამია განცხადებაში.
ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს, თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების 53 წარმომადგენელს. მათგან 6 ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობისთვის შსს-ს ამ დრომდე მხოლოდ 7 პირი ჰყავს დაკავებული.
6 ივლისს სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივი ჯგუფების წევრები პარლამენტთან შეკრებილებს ქვებს, ხელკეტებს, წყლით სავსე ბოთლებს ესროდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფებს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლის საშუალება მისცა. მათ შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს.


