ევროპარლამენტარების ნაწილი: "ველოდებით, ვიხილოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავდამსხმელებს პასუხი კანონის სრული სიმკაცრით აგებინოს"
07/07/2021 08:30:05 პოლიტიკა
ევროპარლამენტარები – მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი თბილისის ქუჩებში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან და მოელიან, რომ საქართველოს ხელისულფლება დამნაშავეებს კანონის სრული სიმკაცრით აგებინებს პასუხს.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თბილისში, რის გამოც სამწუხაროდ, "თბილისი პრაიდი" იძულებული გახდა, გაეუქმებინა "ღირსების მარში". სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს, მკაფიოდ დაეფიქსირებინათ პოზიცია ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჯერ კიდევ მარშამდე ჰქონდა. ვწუხვართ საქართველოს მთავრობის მხრიდან მზაობის ნაკლებობის გამო, უზრუნველეყო ტოლერანტობისადმი მიძღვნილი შეკრების უსაფრთხოება. ნებისმიერი სხვა მოქალაქის მსგავსად, ლგბტქი+ პირებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობა. საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა საკუთარი მიზნის შესახებ, 2024 წლისთვის ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ამასთან დაკავშირებით მათ შევახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები, ითვალისწინებს, რომ კანდიდატ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და მათ შორის უმცირესობების პატივისცემასა და მათი უფლებების დაცვას. ველოდებით, ვიხილოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავდამსხმელები დააკავოს და პასუხი კანონის სრული სიმკაცრით აგებინოს", – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.
6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა, პოლიტიკოსთა ნაწილმა, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები გააპროტესტეს. აქციის პარალელურად, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც, ისინი მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვებს, ბოთლებს, პიროტექნიკასა და სხვა ნივთებს ისროდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ "პალიტრანიუსის" ოპერატორს. დაპირისპირებულ მხარეებს პოლიციის კორდონი ჰყოფდა, რომელსაც პერიოდულად მოძალადეები არღვევდნენ და სამართალდამცველებთან ხელჩართულ ჩხუბში იყვნენ ჩართულნი. მას შემდეგ პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია დასრულდა, პოლიციამ პარლამენტის ტერიტორიიდან მედია და აქციის მონაწილეები გაიყვანა, მოძალადეებმა პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია დაიკავეს, ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და ცეცხლი წაუკიდეს. მოძალადე ჯგუფებმა თბილისის ქუჩები დაახლოებით ღამის 3 საათზე დატოვეს.
შსს-ს ცნობით, გუშინდელ აქციაზე 100 პირი დააკავეს, მათგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი იზოლატორში რჩება.


