„ძალადობის ფაქტები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული“
06/07/2021 15:51:45 პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, უმცირესობათა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმა მიუღებელია.
სტანო ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ადამიანის მიერ გამოხატვის და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა და დაცვა ნებისმიერი მთავრობის ამოცანაა დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთში, რომელიც ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებისთვის იღწვის. სამართალდამცავი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან ამ უფლებებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის. ძალადობის აქტები სწრაფად და საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა გადის თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით არის განმტკიცებული. საქართველომ უნდა გააძლიეროს ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, გენდერული და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით და უკეთ დაიცვას LGBTIQ ჯგუფების უფლებები. ეს პრინციპები ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში“.
კომენტარი ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამასთან, როგორც აღინიშნა, დღეს, 6 ივლისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაიმართა დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე, სადაც მიმდინარე მოვლენები და LGBTIQ ჯგუფების უფლებების საკითხები განიხილეს.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ ახერხებდნენ მოძალადე ჯგუფებთან გამკლავებას და რეაგირებდნენ ინციდენტის შემდეგ და არ იღებდნენ პრევენციულ ზომებს.
დღეს ორი აქციაა დაანონსებული: მდუმარე აქციაზე გუშინდელ მოვლენებს გააპროტესტებენ, ამასთან, ქაშუეთთან ძალადობროვი ჯგუფები შეიკრიბებიან.


