იაპონიის ელჩი თბილისის ქუჩებში განვითარებულ ძალადობრივ ქმედებებს გმობს
06/07/2021 12:21:04 პოლიტიკა
საქართველოში იაპონიის ელჩი იმამურა აკირა 5 ივლისს თბილისის ქუჩებში განვითარებულ ძალადობრივ ქმედებებს გმობს.
იგი ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, განხორციელდა თავდასხმა ჟურნალისტებზე და დაარბიეს რიგი ორგანიზაციების ოფისები.
"ვგმობ მსგავს ქმედებებს, რადგანაც ეს არის ადამიანის უფლებების, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ძალადობა მომავალში და უზრუნველყოს სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება”, – აცხადებს ელჩი.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ 5 ივლისს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მარშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, შემდეგ კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ამასთან, მოძალადეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. მომხდარის შედეგად დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.
განვითარებული მოვლენების შემდეგ "თბილისი პრაიდმა" “ღირსების მარში" არ გამართა.


