წულუკიანი – მასობრივ ძალადობაზე: „ყველაფერზე მაღლა სამშობლო დგას“
06/07/2021 08:46:51 პოლიტიკა
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი 5 ივლისს თბილისის ქუჩებში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს, მათ შორის, ნადირობას ჟურნალისტებზე იმგვარად გამოეხმაურა, რომ არ უთქვამს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, თუმცა აღნიშნა ის, რომ მას არ ეგულება ადამიანი, რომელიც ძალადობას არ ემიჯნება და ჟურნალისტებს კითხვის ფორმა დაუწუნა.
ამასთან, წულუკიანი ირწმუნება, რომ „პოლიცია მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მათ შეეძლოთ“.
მინისტრი ამბობს, რომ „ყველაფერზე მაღლა სამშობლო დგას“, თუმცა არ უთქვამს, ვინ დააყენა 5 ივლისს სახელმწიფო საფრთხის წინაშე.
„გუშინ გარკვეული მოვლენები ვიხილეთ. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაშავდა. აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლიცია მოქმედებდა არამხოლოდ გუშინ, არამედ აქციის დღემდეც, იმ ფარგლებში, რაც მათ შეეძლოთ. მათი მხრიდან ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან. ყველამ საკუთარ თავს რამდენიმე რამ უნდა შევახსენოთ, მაგალითად ის, რომ ადამიანის უფლებების სამართალში რამდენიმე წიგნს მაინც გავეცნოთ, ამას თუ რას ვგულისხმობ ჩემი, როგორც ადამიანის უფლებების სასამართლოს ყოფილი თანამშრომლის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიერ ნებისმიერი გადაცემის პირობებში შეიძლება გაიშალოს. ეს ერთი, მეორე ყველამ ჩვენს თავს შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა სამშობლო დგას. ეს სამშობლო უამრავი გამოწვევის წინაშეა, მათ შორის ოკუპაციის წინაშე და ყველამ ყველა ღონე უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწებული ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო დავიცვათ და როგორმე გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უფლებებს ისე, რომ ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო მშვიდობა ქვეყნის შიგნით არ დავაზიანოთ. ის, რომ სამშობლო დგას ყველაზე მაღლა, ეს იყო ამ მიწაზე ყოველთვის ასე, ახლაც ასეა და იმედია, მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არ იყო მობილიზებული, შესაბამისად, ვერ ახერხებდნენ მოძალადე ჯგუფებთან გამკლავებას და რეაგირებდნენ ინციდენტის შემდეგ და არ იღებდნენ პრევენციულ ზომებს.


