ეუთო/ოდირი: "აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმა სრულად უნდა გამოიძიონ"
06/07/2021 05:59:50 პოლიტიკა
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი თბილისში მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე განხორციელებული თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოხატავს და მომხდარის გამოძიებას ითხოვს. ამაზე ეუთო/ოდირი twitter-ზე წერს.
"ოდირი შეშფოთებულია თბილისში განხორციელებული ძალადობით და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო. აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმა სწრაფად და სრულად უნდა გამოიძიონ", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი.
შსს ადმინისტრაციული წესით რვა პირის დაკავების შესახებ იუწყება.


