Accentnews.ge
პრეზიდენტმა კლინიკაში მყოფი ნაცემი ჟურნალისტები მოინახულა: "ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი"

პრეზიდენტმა კლინიკაში მყოფი ნაცემი ჟურნალისტები მოინახულა: "ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი"

05/07/2021 15:34:09 პოლიტიკა, საზოგადოება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძალადობრივი დაჯგუფების წევრების მიერ ნაცემი ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა.

ზურაბიშვილმა დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.

"ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. [...] დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობილი ხდება, რომ მედიის დაშავებული წარმომადგენლების ნაწილი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, ნაწილო კი კვლავ კლინიკაში რჩება.

ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა კვერცები დაუშინეს "გირჩის" ოფისს. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია მედიის 40–მდე წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S