ევროპარლამენტარი: "საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი "ღირსების მარშის" მონაწილეების უსაფრთხოებაზე"
05/07/2021 11:34:25 პოლიტიკა, საზოგადოება
ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას ავსტრევიჩიუსი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი "ღირსების მარშის" მონაწილეების უსაფრთხოებაზე.
"28 ივნისს ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს, საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყო "თბილისი პრაიდის" მონაწილეთა უსაფრთხოება. საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი მარშის მონაწილეების უსაფრთხოებაზე", – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი.


