ოპოზიციის ნაწილი: "დადასტურდა, რომ ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია პრორუსულ ძალებთან"
05/07/2021 10:44:49 პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია პრორუსულ ძალებთან.
“პრემიერმა პრაქტიკულად მოუწოდა რუსთაველზე შეკრებილ ძალებს, რომ დაიწყონ დაპირისპირება, ფიზიკური შეხლა-შემოხლა, თავდასხმა. დიდი ხანია ხელისუფლებას უნდა, რომ კარვები არ იყოს პარლამენტის წინ და ამისთვისაც კარგად გამოიყენეს ეს მოძალადე ჯგუფები. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია და ერთობლივად აორგანიზებს პუტინისტურ, პრორუსულ ძალებთან ერთად იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს თავისუფალი მოქალაქისთვის შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ კონსტიტუციური უფლება, დაარბიონ ყველა თავისუფალი მოქალაქე. ეს იყო დღეს პრემიერი განცხადება", – განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
ოპოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მოქალაქეთა უსაფრთხოება დაიცვას:
"კიდევ ერთხელ ვახსენებთ პარლამენტიდან ოპოზიცია შსს-ს, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა დღეს დაიცვას წესრიგი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ჩანს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებს ხელისუფლება და პირდაპირ კავშირშია საპატრიარქოსთან, რომელიც რამდენიმე დღეა ძალიან ღიად აორგანიზებს ძალადობრივ ჯგუფებს თითქოს სალოცავად”.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რო პრემიერი ახალისებს ძალადობას.
იგი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს:
“პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, რომელიც უნდა იყოს რომელიც უნდა იყოს ამ ქვეყანაში უსაფრთხოების, სტაბილურობის და ადამიანების უფლებების დაცვის გარანტი, მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ახალისებს ამ ძალადობას. ღარიბაშვილმა ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ არ დაზიანდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები, მოქალაქეები და ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში იყოს დაცული, პრაიდის ორგანიზატორობა დააბრალა ენმ-ს და მიხეილ სააკაშვილს. ამით პირდაპირ გაუხსნა გზა ძალადობას. ჩვენ მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, რომელთაც ადარდებთ ამ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება, დაუყოვნებლივ მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება, რადგან მსგავსი დაპირისპირება და ქაოსი არის ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათო”.
დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ თითოეული ადამიანის არათუ გამოხატვის უფლება, არამედ ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ.
"ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს მივმართავ – ვერ ახერხებთ იმას, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეები დაცული იყვნენ. არც ერთი ადამიანი თბილისის ქუჩებში დაცული არ ვართ. ადამიანები, რომლებიც ხმას გაძლევენ ან არ გაძლევენ, გადასახადებს იხდიან და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთი თვეა გთხოვენ იმას, რომ მათი გამოხატვის თავისუფლება უზრუნველვყოთ და ამას ვერ ახერხებთ. ამის შემდეგ თქვენ ხელისუფლება ხართ? – თქვენ ხელისუფლება არ ხართ და არავითარი უფლება არა გაქვთ ილაპარაკოთ იმაზე, რომ წესრიგის დამყარების უნარი გაქვთ. პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა თქვა, კონსტიტუციით ყველა დაცულია და დღეს მან კონსტიტუცია ყველას თავზე გადაგვახია. მან არ იცის, რას ნიშნავს კონსტიტუცია, მან არ იცის რა არის ადამიანის უფლებების დარღვევა. დღეს ის კიდევ ახალისებს ძალადობას რადგან ეშინია, რომ ხვალ საპატრიარქო მის წინააღმდეგ გამოვა – სამწუხაროა, ბატონო ირაკლი, მეტი ძალა და უნარი რომ არ გაქვთ, სამწუხაროა, როდესაც ქვეყანას ასეთი პრემიერ-მინისტრი ჰყავს“, – განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის: 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” პარალელურად, საპატრიარქომ გუშინ კონტრაქცია და ქაშუეთის ტაძარში ორი პარაკლისი დააანონსა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ დღეს დილით მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვები დაარბიეს, მოგვიანებით კი – “სირცხვილიასა” და “თბილისი პრაიდის” ოფისები. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20 წარმომადგენელი.


