პარლამენტის თავმჯდომარე: „იაზროვნეთ სახელმწიფოებრივად“
05/07/2021 09:59:44 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რუსთაველის გამზირზე, რადიკალური ჯგუფების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება და მოუწოდებს აგრესიულ ჯგუფებს, შეწყვიტონ ძალადობა.
"მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას - ეს მიუღებელია!
ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა,"- წერს სოციალურ ქსელში კუჭავა.
შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, "თბილისი პრაიდის" კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს "სირცხვილიას", „პრაიდის“ ოფისები.
განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ღირსების მარშის ორგანიზატორებს დააკისრა.
არსებული მოცემულობით, ადგილზე სათანადო რაოდენობის პოლიცია არაა მობილიზებული და ისინი ვერ უზრუნველყოფენ ძალადობის პრევენციას.


