"დემოკრატია რამდენიმე რეგიონში გამოწვევების წინაშე დგას, მას ავტოკრატიული რეჟიმები უქმნიან საფრთხეს"
04/07/2021 08:18:47 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აშშ-ს დემოკრატიული პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ავტოკრატიას სწორედ ადამიანის უფლებების დაცვით, კანონის უზენაესობის, სიტყვის თავისუფლებით, კორუფციასთან ბრძოლით უნდა ებრძოლო. ამის შესახებ დიპლომატი მისალოც ვიდეო–მიმართვაში აცხადებს, რომელსაც აშშ-ის დამოკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საელჩო ავრცელებს.
"4 ივლისს ვზეიმობთ ამერიკის ლიდერების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. [...] ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიასა და ჩვენს ისტორიას. 4 ივლისს ამერიკელები კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან იმაზე, რასაც ჩვენ ზოგჯერ არასათანადოდ ვაფასებთ. ძირითადი თავისუფლებები, რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული და ჩვენი თანამოქალაქეების მიერ დაცული. ესენია სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, პრესის თავისუფლება. გლობალურმა პანდემიამ შეგვახსენა, რაოდენ მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ყოველდღიურ თავისუფლებებსაც, იქნება ეს სიცოცხლის, ოჯახთან და მეგობრებთან ყოფნის, მოგზაურობის თუ უბრალოდ, სამსახურსა და სკოლაში სიარულის თავისუფლება. [...] დამოუკიდებლობის დღე დემოკრატიის საზეიმოდ აღნიშვნის დღეც არის[...] 75 წელზე მეტია, ამერიკა და ჩვენი პარტნიორები ერთობლივი ძალისხმევით აშენებენ დემოკრატიულ, წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელმაც მოიტანა სტაბილურობა და კეთილდღეობა, თუმცა არა ყველგან. ეს სისტემა რამდენიმე რეგიონში გამოწვევების წინაშე დგას, რადგან მას ავტოკრატიული რეჟიმები უქმნიან საფრთხეს. ჩვენ ავტოკრატიას დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობის განმტკიცებით, კორუფციასთან ბრძოლითა და ჭეშმარიტი, გამჭვირვალე კანონის უზენაესობის გატანით ვპასუხობთ. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენი საერთო პრინციპები, რომელიც აძლიერებს ჩვენ დემოკრატიას. ესენია – ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის ერთგულება, კარგი მმართველობა და თითოეული ინდივიდის ღირსების პატივისცემა. [...] ამერიკელები და ქართველები ერთნაირი სიმძაფრით აღიქვამენ ქვეყნის დამოუკიდებლობას. მათ აერთიანებთ ქვეყნის ძლიერი სიყვარული. ყოველივე ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ჩვენი პარტნიორობა 30 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ასაშენებლად – საქმე, რომელიც საქართველომ 100 წლის წინ დაიწყო და რომელიც ტრაგიკულად შეწყდა – კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას. ქართველებსა და ამერიკელებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს, არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის, არამედ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებების ერთგულების გამო", – განაცხადა დეგნანმა.


