აშშ საქართველოს „ფაიზერის“ რამდენიმე ასეულ ათას დოზას საჩუქრად გადასცემს
02/07/2021 13:36:55 პოლიტიკა
აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები მოლაპარაკებების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.
„აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აქმაბე ბრიფინგზე ღარიბაშვილმა განაცხადა,“ფაიზერი“ საქართველოს მილიონ დოზა ვაქცინას ეტაპობრივად, ივლისიდან მიაწვდის.
"ფაიზერთან მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას. კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილია - მილიონი დოზის თაობაზე. ფაიზერი ივლისიდან დაიწყებს აღნიშნული მილიონი დოზის ეტაპობრივად მოწოდებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამ დროისთვის ქვეყანაში „სინოვაკის“ და სინოფარმის“ ვაქცინებია. მასობრივი ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება.


