Accentnews.ge
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – "თბილისი პრაიდზე": "დღეს შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – "თბილისი პრაიდზე": "დღეს შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

01/07/2021 19:03:55 პოლიტიკა, საზოგადოება

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც "თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველ ღონისძიებას – კინოჩვენებას დაესწრნენ, აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებები არ უნდა განსხვავდებოდეს მათი იდენტობის მიხედვით.

"დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და თანასწორობის უფლებები, რასაც იმსახურებენ როგორც ქართველები, ისე ებრაელები. იმედი მაქვს, რომ ასეთი ღონისძიებები უფრო და უფრო მისაღები გახდება. სწორედ ამას ვუჭერთ მხარს. რაც გარეთ მოხდა, ძალიან სამწუხარო ამბავია, თუმცა ეს მოულოდნელი არ ყოფილა. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანაში, მათ შორის, ისრაელშიც, სადაც "პრაიდი" რუტინული მოვლენაა, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ იდეას",- განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, შესანიშნავი ისტორია ვითარდება საქართველოში, "რომელიც გარდაიქმნება ქვეყნად, რომელიც უფრთხილდება ინდივიდუალურ უფლებებს, მრავალფეროვნებას, თანამედროვეობას და ევროპული სტილის განვითარებას".

"ეს მარში ეხება საქართველოს თანამედროვე ევროპულ ქვეყნად გარდაქმნას. ამაყები ვართ, რომ ამ გზაზე საქართველოს პარტნიორები ვართ“,– დასძინა დიპლომატმა.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ამაყია, რომ მხარს უჭერს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას.

"ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება, თავისუფლად შეიკრიბონ და გამოხატონ საკუთარი თავი. ადამიანის უფლებების პატივისცემა კრიტიკული საკითხია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პროგრესს და სწრაფვას, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ადამიანის უფლებების დაცვა ამ ორგანიზაციების მთავარი ღირებულებაა. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა პოლიციას ამ ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

საქართველოში ნიდერლანდების ელჩის მაიკე ვან კოლდამის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას თანასწორი უფლებები ჰქონდეს.

"მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება, გამოვხატო სოლიდარობა ლგბტ საზოგადოების მიმართ", – დასძინა მან.

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში იმედოვნებს, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეული ძალადობისა და შიშის გარეშე ჩაივლის:

"ყველას სურს, იცხოვროს ქვეყანაში, სადაც მოსაზრებას თავისუფლად, ძალადობის, შიშის გარეშე გამოხატავს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ცნობისთვის: "თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი დღე და პირველი ღონისძიება ხმაურით დაიწყო. "პრაიდის" მოწინააღმდეგეები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, სადაც კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება მიმდინარეობდა. თუმცა მათ პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ფილმის ჩვენებას "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა აშშ-ის საელჩოს დიპლომატს კვერცხი მოარტყეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც "პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ კონოჩვენებაზე დასასწრებად მისული დიპლომატები შენობაში შედიოდნენ.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 20 პირია დაკავებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S