
„ოცნების“ სიჯიუტის ფასი
01/07/2021 13:41:51 პოლიტიკა, ანალიზი
გამოცდილებიდან გამომდინარე იყო მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი არც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით შემუშავებული შეთანხმების პირობებს მიჰყვებოდა პირნათლად და როგორც ჩანს, სკეპტიკოსთა მოლოდინი მართლდება: არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ჯიუტად ვერ/არ კითხულობს დოკუმენტში შესაბამის პუნქტს, რომელიც, მათ შორის, აშშ–ის საელჩომ ყვითელი მარკერით მოუნიშნა და მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერების მზაობას არ გამოთქვამს.
ცალკე „უცნაური“ მოვლენაა მოსამართლეთა „ჯანყი“, რომლებიც არც მორიდებიან ანტიდასავლური განწყობების მობილიზების პროცესში ღია ჩართვას, შემოგვთავაზეს რა დიპკორპუსის ხელისუფლებისადმი მოწოდება, შეასრულოს ხელმოწერილი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები „დამოუკიდებელი სასამართლოს“ საქმეში ჩარევის მცდელობად. იგივე ნარატივს ხშირად წააწყდებით სოციალურ ქსელშიც. მეორეს მხრივ, როგორც „ოცნებამ“ დაგვიანონსა, საქართველო 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე გეგმავს განაცხადის გაკეთებას და მიუხედავად იგივე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის რჩევისა, საზოგადოებაში გადაჭარბებული მოლოდინების შექმნისგან თავშეკავების თაობაზე საქართველოს პრობლემატიკისა და უშუალოდ ევროკავშირში არსებული განწყობების გათვალისწინებით, საკითხი როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად იქნება გამოყენებული. ამ ფონზე კი სამწუხაროა, რომ სასამართლოს საკითხს არც წარსულში და არც ამჟამად სდევს თან სათანადო საზოგადოებრივი პროტესტი. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გვიჭირს ჩვენს თუნდაც ყოველდღიურ ყოფაში დამოუკიდებელი სასამართლოს როლის გაცნობიერება, აღქმა, რომ ის არა ვინმესთან საკეკლუცოდ, არამედ საკუთარი თავისთვის გვჭირდება. შესაბამისად, მოქალაქეები საკუთარი პრობლემებისადმი ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად სასამართლოსთვის მიმართვის ნაცვლად უფრო ეფექტურ გზად, მათ შორის, ევროკავშირისა და აშშ–ის საელჩოებთან კარვის დაცემას მოიაზრებენ ხოლმე.
„ვფიქრობ, მოსახლეობას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, რატომ არის მნიშვნელოვანი სასამართლოს დამოუკიდებლობა. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის ჯეროვნად არ არის მიწოდებული. ადამიანებს ჰგონიათ, რომ შესაძლოა, არასდროს ჰქონდეთ საქმე სასამართლოსთან. თუ დავანახვებთ ადამიანებს, დამოუკიდებელი სასამართლო პირდაპირაა კავშირში სამუშაო ადგილების შექმნასთან, მათ ყოველდღიურ ყოფასთან, ვფიქრობ, პროტესტი მეტი იქნება. სასამართლოსადმი ნდობა რომ იყოს, საქმეების წარმოება ნორმალური ტემპით მიმდინარეობდეს, ამდენი აქცია არ გაიმართებოდა და შესაძლოა, ნამახვანჰესის ირგვლივ მსგავსი მღელვარებაც არ ყოფილიყო. შესაბამისად, დაიზოგებოდა, მათ შორის, სახელმწიფოს და ადამიანების რესურსები“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
რატომ არ არის შეთანხმების აღსრულების მოთხოვნა ჩარევა და ვის სჭირდება სასამართლო?
- ამ ლოგიკით [მოსამართლეების – რედ.], შიდა საქმეებში ჩარევაა, როდესაც დაფინანსება მოდის პარტნიორებისგან იგივე მოსამართლეების გადასამზადებლად, რაც მოსამართლეებს უქმნით შესაძლებლობას, კვალიფიკაცია აშშ–ში აიმაღლონ. მოსამართლეთა ძალიან დიდი ნაწილი, რომლებიც ახლა „ჯანყს“ აწყობს, აშშ–ში გაცვლითი პროგრამითაა ნამყოფი;
- როდესაც პარტნიორი ქვეყანა მიგითითებს დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე, პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე და პროცესში გეხმარება კიდეც, გაბუტვის ნაცვლად საკითხი სერიოზულად უნდა აღვიქვათ;
- მართლმსაჯულების რეფორმა უპირველესად ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს გვჭირდება. მერწმუნეთ, პორტუგალიის მოქალაქეს ნაკლებად აინტერესებს, საქართველოში იარსებებს თუ არა კანონის უზენაესობა, რადგან მას ჩვენს სასამართლოსთან უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, შეხება არ ექნება. ამდენად, კრახით ვზიანდებით ჩვენ – საქართველოს მოქალაქეები, რადგან ვერ ვიპოვით სამართალს, შესაბამისად, მუდმივად იქნება უსამართლობის განცდა. იგივე მოწოდებით არ გამოდის რუსეთი, რადგან მისთვის უკეთესიცაა ამ პრობლემის არსებობა;
- თუ გვინდა, რომ საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევაში #1 პრობლემად დასახელებული უმუშევრობის მაღალი დონის პრობლემა დავძლიოთ, შეიქმნას სამუშაო ადგილები, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გარეშე ეს შეუძლებელია. ინვესტიციებისთვის კი ქვეყანას დამოუკიდებელი სასამართლო სჭირდება: ინვესტორი ქვეყანაში, სადაც დავის წარმოშობის შემთხვევაში სამართალს ვერ იპოვის, ინვესტიციას არ ჩადებს. ამდენად, დამოუკიდებელი სასამართლო პირდაპირ არის კავშირში ჩვენი ოჯახების ყოფასთან, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, დასაქმებასთან.
შეთანხმებაზე უარის თქმის ფასი
ჩხიკვაძე დარწმუნებულია, რომ შეთანხმებაზე უარის თქმას ფასი ექნება და ეს შესაძლოა, ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეწყვეტა იყოს:
„ფასი ცალსახად ექნება, რადგან ძალიან დიდ რესურსი ჩადო ევროკავშირმა, რათა საბოლოო შეთანხმებამდე მიეყვანა მხარეები. პროცესში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გადადის მმართველ პარტიაზე. თუ მოწოდებების სრული იგნორირება მოხდა, შესაძლებელია, კვლავ დაიწყოს საუბრები ფინანსური დახმარების შეჩერებაზე და თუ ამასაც არ მოჰყვა ცვლილებები, შეჩერდეს კიდეც. ეს კი წმინდა პრაგმატული – ფინანსური თვალსაზრისით, ბუნებრივია, დანაკლისი იქნება, მაგრამ უფრო მეტად მას პოლიტიკური „სიგნალის“ დატვირთვა ექნება: მსგავსი რამ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მოხდა, მას შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთვის ფინანსური დახმარება არ შეუჩერებია“.
მსგავსი დამოკიდებულება კი, როდესაც აღებული ვალდებულების მიუხედავად სასამართლო რეფორმას ვერ ახორციელებ, მეორეს მხრივ, საუბრობ, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის გაკეთებას აპირებ, ჩხიკვაძის ანალიზით, ინტეგრაციის პროცესს აზიანებს: საქართველოს საკითხი სერიოზულად არ იქნება აღქმული; დამატებით არგუმენტაციას აძლევს საქართველოსადმი ისედაც სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს და ქვეყანაში ქმნი გადაჭარბებულ მოლოდინებს:
„ევროკავშირის წინაშე დგას პრობლემები და მას არ უნდა დაერთოს საქართველოს მიერ განაცხადის მოუმზადებლად გაკეთება. პროცედურული თვალსაზრისით სირთულე არ არის, მთავარია, რა მიღწევებით მივალთ ამ კონდიციამდე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობასთან დაკავშირებით კოპენჰაგენის კრიტერიუმები, სადაც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სწორედ კანონის უზენაესობაა, რაშიც თავისთავად შედის მართლმსაჯულების რეფორმა. ამ მიმართულებით კი პროგრესი კი არა, რეგრესი გვაქვს. ამდენად, ერთის მხრივ, ვალდებულების შეუსრულებლობა, მეორეს მხრივ – წევრობის ამბიცია არასერიოზულად იქნება აღქმული“.
მაინც რატომ ჯიუტობს მმართველი გუნდი?
„როგორც ჩანს, სტატუს–კვო აწყობს მმართველ გუნდს: ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს სასამართლო, რომელიც მის ინტერესს მოემსახურება. ვფიქრობ, ესაა სიჯიუტის მიზეზი და ამას ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს ანაცვალებს“,– დასძენს ჩხიკვაძე.