ოხანაშვილი – ღირსების მარშზე: "გადაადგილების უფლება შეიძლება, შეიზღუდოს, თუ საჯარო ინტერესია საფრთხეში"
01/07/2021 08:44:44 პოლიტიკა
"გადაადგილების უფლება შეიძლება, შეიზღუდოს, თუ საჯარო ინტერესია საფრთხეში", – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ღირსების მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი რადიკალური ქმედება, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს სამართალდარღვევას და დანაშაულის ნიშნებს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას.
„ყველა პირს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი გადაადგილების უფლება, შესაბამისად, ყველა ჩვენი მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ საჭირო ღონისძიებას, რაც საჭიროა ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის. რაც შეეხება შესაძლო შეზღუდვებს, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე. თავისუფლად გადაადგილების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც შეიძლება, რომ არ შეიზღუდოს. ეს უფლება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას იმ შემთხვევაში თუ უფრო მაღალი ინტერესები, საზოგადოებრივი და საჯარო ინტერესი არის საფრთხის ქვეშ - ამ შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა ამ მოცემულობით მე ვერ გეტყვით. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას. ყველა ადამიანისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა ნიშნით გამოხატავს, აზრის გამოხატვის თავისუფლება - ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული, იქამდე ვიდრე შესაძლებელია დაექვემდებაროს კონკრეტული უფლება შეზღუდვას. [...]იქნება ძალადობა? ამას ექნება მკაცრი რეაგირება, ვინმე გაბედავს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას? იქნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ნებისმიერი რადიკალური ქმედება, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სამართალდარღვევას და დანაშაულის ნიშნებს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას - არავის არ აქვს უფლება ვინმეს მიმართ იძალადოს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის: 1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის" კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროს სადგურთან დაგეგმილია ღირსების მარში.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტროს სადგურთან კარვები გაშალონ და "პრაიდს" ხელი შეუშალონ.
29 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, ხელისუფლებას კი მიმართა, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“.
უკვე წლებია, სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად "პრაიდის" ჩატარებას ვერ ახერხებენ.


