სამნიძე შს მინისტრს მიმართავს, პარლამენტში მივიდეს და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით „პრაიდის“ ორგანიზატორების კითხვებს უპასუხოს
01/07/2021 08:26:13 პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარლამენტში „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, საკანონმდებლო ორგანოში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მივიდეს, რათა "პრაიდის" კვირეულთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოს.
სამნიძის თქმით, იმ ფონზე, როცა ისმის კონკრეტული ჯგუფებისგან ძალადობისკენ მოწოდება, მნიშვნელოვანია გარანტიების მიღება, რომ "პრაიდის" კვირეული და ღირსების მარში უსაფრთხოდ ჩატარდება.
"ჩვენ პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტზე შინაგან საქმეთა მინისტრი დავიბარეთ, იმისთვის, რომ მან უპასუხოს ყველა შეკითხვას და გვქონდეს გარანტია, რომ სწორედ ისე ჩატარდება ეს კვირეული და 5 ივლისის მარში, რომ თითოეული ადამიანის უფლება დაცული იქნება. სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს პასუხი, ამით ირღვევა რეგლამენტი, არ ჩანიშნულა ადამიანის უფლებათა კომიტეტი, არაფერს გვეუბნება მინისტრი, რომელსაც ვალდებულება აქვს, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, ამიტომ კიდევ ერთხელ დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ვთხოვ, რომ ჩანიშნოს კომიტეტი და მინისტრს ვთხოვთ დაიცვას რეგლამენტი, მოვიდეს პარლამენტში, დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი, ასევე პრაიდის ორგანიზატორებს, რომლებიც არაერთხელ გამოდიან თხოვნით, ხვდებიან შსს-ს წარმომადგენლებს, რომ მიიღონ გარანტიები, რომ მათი უფლებები და უსაფრთხოება იქნება დაცული", – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ამასთან, „თბილისი პრაიდის“ გამგეობის თავმჯდომარის, ლელა ცისკარიშვილის თქმით, მიესალმება, თუ შინაგან საქმეთა მინისტრი კომიტეტზე გამოცხადდება.
ცნობისთვის: 1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის" კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროს სადგურთან დაგეგმილია ღირსების მარში.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტროს სადგურთან კარვები გაშალონ და "პრაიდს" ხელი შეუშალონ.
29 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, ხელისუფლებას კი მიმართა, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“.
უკვე წლებია, სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად "პრაიდის" ჩატარებას ვერ ახერხებენ.


