პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ღირსების მარშს უერთდება
01/07/2021 08:00:25 პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თამარ კეკენაძის თქმით, პარტია 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშს უერთდება და სოლიდარობას უცხადებს.
"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ლგბტ თემის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში. მიუღებელია, როდესაც ხდება ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა და საზოგადოების არათანაბარ წევრებად წარმოჩინება. ჩვენ თუ გვინდა შევდგეთ როგორც სახელმწიფო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანაბრად იგრძნოს თავი დაცულად და თვითრეალიზებულად ამ ქვეყანაში. ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ბოლომდე ვიდგებით, როგორც ლგბტ თემის, ასევე ყველა ადამიანის გვერდით, ვინც წლების განმავლობაში განიცდის ძალადობას, წარმოუდგენელ ზეწოლას და ღირსებაშემლახველ მოპყრობას სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. დღეს იწყება პრაიდის კვირეული და იმედი მაქვს, ყველანი ერთად შევძლებთ დავანახოთ არამარტო ლგბტ თემის წარმომადგენლებს, არამედ ყველა იმ ადამიანს ვინც რაიმე ნიშნით თავს გრძნობს გარიყულად საზოგადოებიდან, რომ შეგვიძლია მათი თანადგომა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას კანონი და უზრუნველყოს ყველა ღონისძიების მშვიდობით ჩატარება", - აცხადებს კეკენაძე.
ცნობისთვის: 1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში "პრაიდის" კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროს სადგურთან დაგეგმილია ღირსების მარში.
ჰომოფობიური და სიძულვილის ჯგუფები გეგმავენ, 4 ივლისის ღამით მეტროს სადგურთან კარვები გაშალონ და "პრაიდს" ხელი შეუშალონ.
29 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ევროპარლამენტარებსა და საქართველოში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან“, ხელისუფლებას კი მიმართა, „აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია“.
უკვე წლებია, სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად "პრაიდის" ჩატარებას ვერ ახერხებენ.


